თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის  (ADB) მისიის ლიდერთან, უნურჯარგალ დალახუსთან და დელეგაციის სხვა წევრებთან საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის -  „აბრეშუმის გზა – „იფექ – იოლუ"  მიმდინარეობის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა ერთობლივი პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კოორდინაციაზე ისაუბრეს  და  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მომდევნო ეტაპების მიმდინარეობა განიხილეს.

სოსო ობოლაძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი გამშვები პუნქტების ფუნქციონირება სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი იქნება და აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ერთობლივი პროექტი - საბაჟო გამშვები პუნქტი -  "აბრეშუმის გზა – იფექ იოლუ"ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემების დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ რიკაძე, მოადგილე, ირაკლი თევდორაძე, ასევე საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.