თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა ₾13.8 მლრდ შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს (80.3%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.1% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 10.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.

2025 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო ₾3.1 მლრდ ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ ₾2.9 მლრდ შეადგინა.

2025 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.7 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.6% ქალი იყო.

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) ₾1.3 მლრდ შეადგინა, საიდანაც 42% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.3% – ქონების დაზღვევაზე, 9.6% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (29.3%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) ₾763.9 მლნ-ით განისაზღვრა, რომლის 56.6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 6.3% – ქონების დაზღვევაზე, 5.4% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 5% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (26.7%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.