თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდში, 31 მაისის მდგომარეობით, ₾6.9 მილიარდია აკუმულირებული, საიდანაც ₾5.2 მლრდ საპენსიო სისტემის მონაწილეთა შენატანებს, ₾1.7 მლრდ კი ამ აქტივებზე დარიცხულ სარგებელს წარმოადგენს.

ამასთან, საპენსიო ფონდის ინფორმაციით, სისტემის მონაწილეთა რაოდენობა მაისის ბოლოსთვის 1.6 მილიონამდე გაიზარდა.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.