თბილისი (GBC) - სს საქართველოს ბანკმა Global Finance-ის 2026 წლის ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების (AI in Finance) დაჯილდოების ფარგლებში, მსოფლიოს საუკეთესო AI ბანკის ტიტული მოიპოვა.
ბანკს ჯილდო მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკებისა და ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა. ჯამში, საქართველოს ბანკმა ორივე პროგრამის ფარგლებში 11 ჯილდო მიიღო, რომლებიც გლობალურ და რეგიონულ კატეგორიებს მოიცავენ.
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, განაცხადა:
„მოხარულები ვართ, რომ Global Finance-მა ჩვენი საქმიანობა აღიარა და განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო AI ბანკის ტიტული მივიღეთ. ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად შექმნილი გამოცდილების განუყოფელ ნაწილად იქცა. როდესაც არაუზრუნველყოფილი სესხების 99% 15 წამზე ნაკლებ დროში მტკიცდება და გაიცემა, ხოლო ჩვენი AI ასისტენტი მომხმარებელთა შეკითხვების 80%-ზე მეტს დამოუკიდებლად პასუხობს და მომხმარებელთა კმაყოფილების 91%-იან მაჩვენებელს აღწევს, შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადია”, - აცხადებს ბანკის CEO, არჩილ გაჩეჩილაძე და აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებლების მიღმა დგას კორპორაციული კულტურა, რომელშიც მათმა გუნდებმა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური სამუშაოს განუყოფელ ნაწილად აქციეს და რომლის მთავარი პრინციპია, რომ სისწრაფე და ნდობა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.
გაჩეჩილაძე მადლობას უხდის საქართველოს ბანკის მთელ გუნდს ამ მიზნის რეალიზებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, ხოლო Global Finance-ს კი ამ საერთაშორისო აღიარებისთვის.
„ციფრული საბანკო მომსახურება ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად იქცა, რადგან ბანკები ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის მოწინავე მეთოდების გამოყენებას აფართოებენ. სისწრაფის, პერსონალიზებული მომსახურებისა და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიმართ მომხმარებელთა მზარდი მოლოდინები ბანკებს ინოვაციების დანერგვისკენ უბიძგებს, პარალელურად კი იზრდება უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
