თბილისი  (GBC) – ყაზახეთის რეგულატორმა „ფრიდომ ბანკ ყაზახეთს“ შვილობილი ორგანიზაციის – „ფრიდომ ბანკ საქართველოს“ შექმნის ნებართვა მისცა. შესაბამის დადგენილებას რეგულატორმა 25 ნოემბერს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია პარასკევს გავრცელდა.

ფრიდომ ბანკი რომ საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გეგმავდა, ამის შესახებ FORBES Kazakhstan სექტემბერში წერდა. იმ პერიოდისთვის უკვე განსაზღვრული იყო მომავალი საფინანსო ინსტიტუტის საწესდებო კაპიტალის მოცულობა – $1,8 მლნ, რომელიც 5 მლნ ჩვეულებრივი აქციით იქნებოდა ნომინირებული თითოეულის ღირებულებით 1 ლარი. ასევე დამტკიცებული იყო წესდება და ბიზნეს–გეგმა, რომელიც მოიცავს მომავალი ბანკის ორგანიზაციულ სტრუქტურას და კანდიდატებს ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

ფრიდომ ბანკი ყაზახეთი ქვეყანაში მოქმედ 23 ბანკს შორის მეათე ადგილს იკავებს აქტივების მოცულობით – 2,4 ტრლნ ტენგე ($4,6 მლრდ).

Freedom Holding Corp–ის დამფუძნებელია ტიმურ ტურლოვი. ბოლო მონაცემებით, ბიზნესმენს ჰოლდინგის წილის დაახლოებით 70% ეკუთვნის. Forbes Kazakhstan–ის უმდიდრესი ყაზახების ბოლო რეიტინგში ტურლოვი მეორე ადგილს იკავებს. ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგში კი მეოთხე ადგილზეა. 2025 წლის მაისის მდგომარეობით მისი ქონება $5,8 მილიარდად იყო შეფასებული.