თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) ინფორმაციით, მისმა შვილობილმა კომპანიამ, TBC Bank-მა FMO-სთან (ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკი) და კერძო სექტორის პარტნიორებისგან შემდგარ სინდიკატთან $210 მლნ-ის სინდიცირებული სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.
ჯგუფის ცნობით, აღნიშნული დაფინანსება საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) სეგმენტის მხარდაჭერას მოხმარდება, განსაკუთრებული აქცენტით სოფლის მეურნეობის, სოფლის რეგიონებში მოქმედი და ახალგაზრდა მეწარმე მსესხებლების დაფინანსებაზე. ამასთან, მთლიანი თანხის არანაკლებ 30% მიმართული იქნება მწვანე პროექტების დასაფინანსებლად.
ამ გარიგებაში FMO მოქმედებდა, როგორც Mandated Lead Arranger (მთავარი მანდატით დანიშნული ორგანიზატორი) და მომავალშიც შეასრულებს Facility Agent-ის (სასესხო შეთანხმების ადმინისტრატორის) ფუნქციას.
სინდიკატი აერთიანებს როგორც ახალ, ისე მრავალწლიანი თანამშრომლობის მქონე ფინანსურ პარტნიორებს. მასში შედიან სპარსეთის ყურის რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები - Mashreq Bank, Abu Dhabi Commercial Bank (ADCB) და Commercial Bank of Dubai (CBD), ასევე TBC-ის დიდი ხნის პარტნიორები - Commerzbank და BlueOrchard Microfinance Fund (BOMF).
ეს გარიგება წარმოადგენს FMO-ს მიერ ორგანიზებულ ყველაზე მსხვილ უფროსი (Senior) სინდიცირებულ დაფინანსებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიან რეგიონშიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ ნდობას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ.
„მოხარული ვართ, რომ FMO-ს ლიდერობითა და ექვს წამყვან საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორთან ერთად ამ ისტორიული დაფინანსების მოზიდვა შევძელით. ეს გარიგება კიდევ უფრო აძლიერებს TBC-ის ისედაც მყარ ლიკვიდურ პოზიციას და მხარს უჭერს ჩვენი გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების სტრატეგიის განხორციელებას. ამავდროულად, ინკლუზიური დაფინანსების ხელშეწყობა რჩება როგორც ჩვენი, ისე სინდიკატის ყველა წევრის საერთო პრიორიტეტად. ჩვენი თანამშრომლობა FMO-სთან თითქმის ორ ათწლეულს ითვლის და ეს ახალი, ეტალონური გარიგება ამ ხანგრძლივი პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია. ასევე მოხარული ვართ, რომ სინდიკატს ახალი ინსტიტუციური ინვესტორებიც შეუერთდნენ, რაც მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების მყარ საფუძველს ქმნის. გულწრფელ მადლობას ვუხდით FMO-ს ამ ტრანზაქციის ორგანიზებისთვის, ასევე სინდიკატის ყველა წევრს ნდობისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მომავალშიც მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, აცხადებს TBC Bank-ის CEO, გოგა თხელიძე.
„ვამაყობთ, რომ სწორედ ჩვენ ვუხელმძღვანელეთ ამ ისტორიულ ტრანზაქციას TBC ბანკისთვის. ეს ასახავს ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობის სიმტკიცეს და საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ არსებულ ნდობას. აღნიშნული დაფინანსება ადასტურებს ჩვენს ერთგულებას განვითარების მიზნით კერძო კაპიტალის მობილიზების მიმართ და აერთიანებს საერთაშორისო ინვესტორთა მრავალფეროვან ჯგუფს. სინდიცირების წარმატებით დასრულება, მათ შორის სპარსეთის ყურის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების აქტიური მონაწილეობით, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური გარემოსა, ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონში მაღალი ხარისხის საინვესტიციო შესაძლებლობები კვლავაც მიმზიდველია. ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას”, - განაცხადა FMO-ს თანახელმძღვანელმა საინვესტიციო დირექტორმა (Co-Chief Investment Officer) ჰუიბ-იან დე რუიტერმა.
