თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის, „ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
უწყების ცნობით, ერთობლივი საგამოძიებო ღონისძიება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებები - „კოკაინი“ და „მდმა“ (MDMA) მალულად ჰქონდა განთავსებული:
- ტანსაცმლის ჯიბეებში;
- ვიტამინებისთვის განკუთვნილ ქილებში, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებთან ერთად.
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საგამოძიებო მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
