თბილისი (GBC) - ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება და მათ „სრულიად გამოგონილსა და ბოროტ ცილისწამებას“ უწოდებს. საქმე ეხება ტრამპის მიერ საიდუმლო მასალების გასაჯაროებას, რომლებითაც პრეზიდენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პეკინის ჩარევას ამტკიცებს.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩინეთი ყოველთვის მკაცრად იცავს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და ვაშინგტონს მოუწოდა, შეწყვიტოს ჩინეთის თემის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.
„ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს თვითრეფლექსიისკენ. შეწყვიტონ ჩინეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება და გააკეთონ ისეთი რამ, რაც ორმხრივ ურთიერთობებს წაადგება“, - განაცხადა ლინ ჯიანმა და იქვე მიანიშნა, რომ სხვების საშინაო საქმეებში ჩარევა რეალურად თავად აშშ-ის ხელწერაა.
Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპმა ხუთშაბათს თეთრი სახლიდან "პრაიმტაიმში" გამოსვლისას საარჩევნო უსაფრთხოების თემა კვლავ ცენტრალურ საკითხად აქცია ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული მასალები ააშკარავებს ჩინეთის მიერ ამერიკელი ამომრჩევლების 220 მილიონი პირადი ფაილის უკანონო მოპოვებას.
თუმცა, აღნიშნული ბრალდებები წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის სადაზვერვო უწყებების დასკვნებთან. ამერიკის დაზვერვის 2021 წლის განაიდუმლოებული ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უცხოურ აქტორებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რომელიმე ტექნიკური ასპექტი (რეგისტრაცია, ხმების დათვლა ან შედეგები) შეეცვალოთ.
საქმეში ჩახედული პირები სააგენტოსთან ადასტურებენ, რომ ჩინეთის მიერ მოპოვებული საარჩევნო მონაცემები არ ყოფილა კონფიდენციალური და მათი მანიპულირება შეუძლებელი იყო.
გავლენიანი დემოკრატი სენატორი და სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკ უორნერი ტრამპის „სენსაციურ“ განცხადებებს ყალბს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სადაზვერვო საზოგადოება ჩინეთის მხრიდან ერთი ხმის შეცვლის მცდელობის არარსებობაზეც კი ერთსულოვანია.
დამკვირვებლების შეფასებით, ტრამპის მკაცრმა რიტორიკამ შესაძლოა კვლავ დაძაბოს ურთიერთობა ჩინეთთან, რომელიც შარშანდელი მძიმე სავაჭრო ომის შემდეგ ახლახან დასტაბილურდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ტრამპი სექტემბერში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრასა და სავაჭრო კავშირების გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებებს გეგმავს.
