თბილისი (GBC) – უზბეკეთის კონკურენციის განვითარების კომიტეტმა დაამტკიცა ონლაინ განცხადებების პლატფორმა OLX-ის შეძენა კომპანია Tapuz Limited-ის მიერ, რომელიც TBC Bank-ის ჯგუფში შედის.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული მყიდველი მიიღებს OLX-ის ოპერატორი კომპანიის OLX Classifieds LLC-ის 100%-იან წილს.
განაცხადის განხილვისას მარეგულირებელმა გაითვალისწინა, რომ TBC Bank-ის ჯგუფი უკვე ფლობს უზბეკეთში ციფრულ ბანკსა და საგადახდო სერვისს Payme-ს. ვინაიდან როგორც OLX-ს, ისე Payme-ს ბაზარზე დომინანტური პოზიცია უკავიათ, კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესებისა და კონკურენციის დაცვის მიზნით რამდენიმე სავალდებულო პირობა დააწესა.
კერძოდ, ახალ მფლობელებს ეკრძალება ჯგუფის სხვა პროდუქტების მეშვეობით OLX-ის გამოყენების პირობებზე დაუსაბუთებელი გავლენის მოხდენა, ასევე კონკურენტების კომერციული მონაცემების გამოყენება მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით.
გარდა ამისა, კომპანიას არ ექნება უფლება, OLX-ის მომხმარებლებს გადახდისთვის მხოლოდ Payme-ის ან TBC Bank-ის სერვისების გამოყენება აიძულოს. ის ვალდებული იქნება უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა კონკურენტი საგადახდო სისტემისთვის.
მარეგულირებელმა დაადგინა, რომ აღნიშნული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში გარიგება მონოპოლიურ რისკებს არ შექმნის, რადგან მყიდველი მანამდე ქვეყნის ონლაინ-რეკლამის ბაზარზე წარმოდგენილი არ იყო.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ OLX ოფიციალურად იქნა აღიარებული უზბეკეთის ბაზარზე დომინანტური პოზიციის მქონე ოპერატორად.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა OLX-ის შეძენაზე ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში განაცხადა, თუმცა მაშინდელი გეგმით, TBC PLC-ის OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტი უნდა ეყიდა, რომელიც თავის მხრივ ონლაინ განცხადებების პლატფორმა OLX Group-ისგან უნდა შეეძინა და რომელიც Prosus-ის განცხადებების ბიზნესს წარმოადგენს.
OLX UZ-ის შესაძენად შარშან, TBC Bank Group-მა Titan Investments-თან ერთად შექმნა ერთობლივი საწარმო (JV) - საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, საინვესტიციო ფონდები და სუვერენული ფონდი ახლო აღმოსავლეთიდან. ერთობლივი საწარმო შეიძენს OLX Uzbekistan-ის 100%-ს, სადაც TBC Bank Group ფლობს 50% + 1 აქციას, ხოლო Titan Investments-ს ეკუთვნის დარჩენილი წილი.
Top of Formშარშან, Prosus-თან გაფორმებული შეთანხმების შედეგად, TBC Uzbekistan-ს ექნება წვდომა ახალ მომხმარებელთა სეგმენტებზე OLX UZ-ის მეშვეობით, რომელიც უზბეკეთის მე-6 ყველაზე პოპულარული ვებსაიტია. OLX Uzbekistan-ს ჰყავს 5.4 მილიონი აქტიური მომხმარებელი თვეში და 2.2 მილიონი აქტიური განცხადება, რაც მას ლიდერად აქცევს მომსახურებების, საქონლის, ავტომობილებისა და უძრავი ქონების სეგმენტებში და ემსახურება ქვეყნის ინტერნეტმომხმარებელთა 20%-ზე მეტს.