თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC (TBC PLC) განიხილავს შესაძლებლობას, თავისი ციფრული მიმართულების - TBC Uzbekistan-ის ცალკეული პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელოს. 

ამის შესახებ 24 თებერვალს კომპანიის სტრატეგიულ დღეზე ნიუ-იორკში გახდა ცნობილი.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ, TBC Bank Group-ის გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ამ ბიზნესისთვის სტრატეგიულ ვარიანტებს, მისი ზრდის მიზნების გათვალისწინებით. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ორგანულ, ასევე არაორგანულ ზრდას და ასევე, შესაძლო, უზბეკური მიმართულების IPO-საც“.

შეგახსენებთ, TBC უზბეკეთის ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ ბაზარზე ობლიგაციები რამდენიმეჯერ უკვე განათავსა.

გასულ კვირას TBC Uzbekistan-მა 2025 წლის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა. ბანკის შემოსავალმა $252 მლნ შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 65%-ით მეტია. წმინდა მოგებამ კი $46 მლნ-ს მიაღწია.

გაცემული სესხების მოცულობა წლიურად 51%-ით გაიზარდა და $946 მლნ-ს გაუტოლდა. დეპოზიტები 46%-ით გაიზარდა და $549 მლნ-ს მიაღწია, ხოლო გადახდების მოცულობა 63%-ით გაიზარდა და $9.2 მლრდ შეადგინა.

ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში რეგისტრირებულია 23 მილიონი მომხმარებელი, რაც 2024 წელთან შედარებით 25%-ით მეტია, მათ შორის 6 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელია.