თბილისი (GBC) – საინვესტიციო კომპანია „თიბისი კაპიტალი“ მსხვილ ბიზნესს დაფინანსების ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიას სთავაზობს და აცხადებს, რომ მხოლოდ გაცვლითი კურსების წონასწორული პროგნოზების გამოყენებით, ბოლო ხუთ წელიწადში ქართულ კორპორატიულ სექტორს 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება შეეძლო. კომპანიის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სესხის ვალუტის შერჩევისას გადამწყვეტია არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთი, არამედ ბიზნესის ჰეჯირების სპეციფიკა.

კომპანიის მკვლევარები განმარტავენ, რომ სესხის ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული. მათი თქმით, ჰეჯირება ნიშნავს, რომ „გაცვლითი კურსის ცვლილება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე მატერიალურ გავლენას არ ახდენს“. ამ კონტექსტში, „თიბისი კაპიტალი“ ხაზს უსვამს, რომ ჰეჯირების მაჩვენებლები სექტორების მიხედვით განსხვავდება: თუ ავტომობილების ფასი უცხოურ ვალუტაზეა მიბმული, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, დომინანტური შეხედულების საპირისპიროდ, „მეტწილად ლარშია დენომინირებული“.

სავალუტო სტრატეგიის საკვანძო ფაქტორები:

საინვესტიციო კომპანიის მიერ მომზადებულ ერთგვერდიან შეჯამებაში ბიზნესისთვის რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაციაა გამოყოფილი:

  • მულტისავალუტო კალათა: კვლევის მიხედვით, დოლარი-ევრო-იუანის კალათა „40%-ით რეალური ლარის ეკვივალენტია, გაცილებით დაბალი ხარჯებით“.
  • ბიზნესის ციკლურობა: მკვლევრები მიიჩნევენ, რომ „მიმდინარე პრაქტიკისგან განსხვავებით, ციკლურ სექტორებში ლარის წილი მეტი უნდა იყოს“.
  • საპროცენტო განაკვეთები: მიუხედავად მნიშვნელობისა, დიფერენციალი არ უნდა იყოს „ერთადერთი და გადაჭარბებული მნიშვნელობის ფაქტორი, როგორც ეს ხშირ შემთხვევაშია“.
  • მომგებიანობა: სწორად ჰეჯირებული სტრუქტურა იძლევა მეტი სესხის აღების შესაძლებლობას „სტრესული სცენარის გარეშეც“.

გლობალური კონტექსტი და პროგნოზები:

კომპანიის მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ ლარისა და ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულების შეფასებაზე. პუბლიკაციაში დასმულია საკითხი, რამდენად მიზანშეწონილია იმ ვალუტაში სესხება, რომელიც სტრესულ ეპიზოდებში მყარდება და რამდენად რელევანტურია დღეს ე.წ. „დოლარის ღიმილი“. აქვე გაანალიზებულია ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გავლენა დოლარზე, როგორც „უსაფრთხო აქტივის სტატუსის გაძლიერებაზე“.

„თიბისი კაპიტალში“ აღნიშნავენ, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, სულ უფრო ფართო გავრცელებას იძენს. „გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე“, - აცხადებენ საინვესტიციო კომპანიაში და პარტნიორებს მზადყოფნას უცხადებენ შემდგომი თანამშრომლობისთვის.