თბილისი (GBC) – 23 მარტს, ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსი ოფიციალურად განახლდა. ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვანი კომპანიის სია ორმა კომპანიამ Easyjet-მა და Hikma Pharmaceuticals-მა დატოვა, მათ ნაცვლად კი ბირჟის პირველ ასეულში პოზიციები ქართულმა Lion Finance Group PLC-მა და ბრიტანულმა IG Group Holdings-მა დაიკავა.

შედეგად, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. ინდექსში ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

Lion Finance Group ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდა, ხოლო ცვლილება ძალაში ოფიციალურად 23 მარტს შევიდა.

ინფორმაციისთვის, Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი, რომელიც სომხეთის ბაზარზე ოპერირებს და ქვეყნის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტია.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.