თბილისი (GBC) – საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ორშაბათს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები როგორც სამთავრობო სექტორთან, ისე კერძო ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. საელჩოს განმარტებით, ანდრეოლის დღის წესრიგი მოიცავს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მონახულებას.

„პიტერ ანდრეოლი შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.