თბილისი (GBC) – ევროკომისიას სურს, ბუდაპეშტმა განმარტოს სკანდალური ბრალდებები იმის შესახებ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გამართული კონფიდენციალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ამის შესახებ Politico წერს.

ორშაბათს, კომისიის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ეს ცნობები „დიდ შეშფოთებას იწვევს“, რადგან წევრ ქვეყნებსა და ბლოკის ინსტიტუტებს შორის ნდობა ფუნდამენტურია ევროკავშირის ფუნქციონირებისთვის. მან დასძინა, რომ კომისია უნგრეთის მთავრობისგან „განმარტებებს“ ელოდება.

გასულ უქმეებზე Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ამტკიცებდა, რომ ბუდაპეშტი კრემლთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა უკრაინის ომის განმავლობაში და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შეხვედრების დროს შესვენებებსაც კი იყენებდა თავისი რუსი კოლეგისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

სიიარტომ ეს ცნობები უარყო. უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ POLITICO-ს განუცხადა: „ეს არის ყალბი ამბები, რომლებიც ახლა ვრცელდება, როგორც სასოწარკვეთილი რეაქცია [უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის] "ფიდესის" მიერ საარჩევნო კამპანიაში მოპოვებულ იმპულსზე. თუმცა, უნგრელი ხალხი არ მოტყუვდება“.

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კითხვაზე, იყო თუ არა ფონ დერ ლაიენი ინფორმირებული, კომისიის სპიკერის მოადგილემ, არიანა პოდესტამ თქვა: „პრეზიდენტი ავსტრალიაში იმყოფება, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, ნახა თუ არა მან უკვე ეს ცნობები“. ფონ დერ ლაიენი ავსტრალიას დიდი ხნის წინ დაანონსებული სავაჭრო შეთანხმების გასამყარებლად ეწვია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები „არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“.

„ჩვენ დიდი ხანია გვქონდა ამის შესახებ ეჭვები“, - დაწერა მან კვირას X-ზე. „ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიღებ სიტყვას მხოლოდ მაშინ, როცა ეს მკაცრად აუცილებელია და ვამბობ მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროა“.

ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელიც ხშირად ესწრებოდა საბჭოს შეხვედრებს სიიარტოსთან ერთად, POLITICO-ს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ უნგრულ მხარეს შეეძლო კრემლისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ეჭვმა ხელი შეუწყო სხვა ისეთი ფორმატების პოპულარიზაციას, რომლებიც ბუდაპეშტს გამორიცხავს - ამის შესახებ POLITICO-ს ევროკავშირის ხუთმა ოფიციალურმა პირმა და დიპლომატმა განუცხადა.

„ეს უკვე კარგა ხანია მოცემულობაა“, - აღნიშნა მეექვსე ოფიციალურმა პირმა, რომელსაც სხვების მსგავსად, ანონიმურობის უფლება მიეცა სენსიტიური ბრალდებების განსახილველად.

უნგრეთში გადამწყვეტი არჩევნები 2026 წლის 12 აპრილს გაიმართება.