თბილისი (GBC) - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა, რომელთა მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზების მისაღებად 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. აღნიშნული რეგულაცია ძალაში 2 აპრილიდან შევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 18 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო კიდევ 11 ქვეყანასთან ერთად (მათ შორის კამბოჯა, მონღოლეთი, ნიკარაგუა და ტუნისი) იმ „მაღალი რისკის“ ჯგუფში მოხვდა, რომელზეც სავიზო გირაოს პროგრამა ვრცელდება. ამ დამატებით, მსგავსი რეჟიმის მქონე ქვეყნების საერთო რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.

ახალი წესი ვრცელდება მოკლევადიანი ვიზების მაძიებლებზე, კერძოდ:

  • B1 ტიპის ვიზა: საქმიანი ვიზიტები (ბიზნესი)
  • B2 ტიპის ვიზა: ტურიზმი ან სამედიცინო მკურნალობა

სავიზო გირაოს ზუსტი ოდენობა - $5 000, $10 000 ან $15 000 - საკონსულო გასაუბრების დროს ინდივიდუალურად განისაზღვრება. აშშ-ის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ წარმოადგენს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, სავიზო გირაოს პროგრამის მთავარი ამოცანაა იმ პირთა რაოდენობის შემცირება, რომლებიც აჭარბებენ აშშ-ში ყოფნის კანონიერ ვადებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.

საქართველოსთან ერთად სიაში დამატებული ქვეყნებია: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი.

აღნიშნულ სიაში უკვე ირიცხებოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ალჟირი, კუბა, ყირგიზეთი, ნეპალი, ნიგერია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ვენესუელა და სხვები.