თბილისი (GBC) - საბანკო სექტორი სანქციების აღსრულებაში სებ-ის მიდგომას ემიჯნება. არც პირველ და არც შემდგომ პრეცედენტებზე არ აპირებს  გამონაკლისის დაშვებას.

სებ-ის 19 სექტემბრის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სანქცირებული ფარცხალაძის იზოლაციიდან გამოყვანაზე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ  დამოუკიდებლად მიიღო, როგორც მან 20 სექტემბრის ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა ამასთან საქმის კურსში ჩააყენა ვიცე-პრეზიდენტები, რომელთაგანაც 3-მა (მესტვირიშვილი, გაგუა, ლეჟავა) საბჭოს დატოვება გადაწყვიტა. 

განმარტა, რომ ფარცხალაძის მიმართ სანქცირების პროცედურის ავტომატური ამოქმედების შემდეგ, გამონაკლისის დაშვების ცვლილება, მისი დეფინიციით - პრეცედენტული გადაწყვეტილება, დაეფუძნა არა ზეწოლას არამედ მსჯელობა - ანალიზს. თუმცა იმსჯელა და გააანალიზა არა ვიცე-პრეზიდენტებთან, არამედ კონსტიტუციონალისტ იურისტებთან.

ბრიფინგზე ერთ-ერთი მათგანის ირაკლი კობახიძის მაღალ კვალიფიკაციაზეც აღნიშნა. 

ასე რომ, საბანკო სექტორს მოუწევს გამონაკლისების დაშვება, პირველ და ყოველ შემდეგ სანქცირებულზე.

რადგან, ნათია თურნავას თქმით, სებ-ი ბაზრის ზედამხედველია და შესაბამისად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე სანქცირებულებისთვის ანგარიშებზე წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. 

ამასთან აცხადებს რომ სებ-ი სრულ უნისონშია სექტორთან და იმასაც ითვალისწინებს, რომ თითოეულ ბანკს საერთაშორისო ვალდებულებები გააჩნია, რაც ასევე შესასრულებელია.

სებ-ი აპირებს სექტორთან აქტიურ კონსულტაციებს და ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებას, რაც ბანკის მმართველობას აღელვებს, ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილების ნაწილში.

და ეს ისე მოგვარდება, რომ კონსტიტუცია არ დაირღვევა. საფინანსო ბაზარი სტაბილურობას და ინვესტორების ნდობას შეინარჩუნებს. 

ნათია თურნავას თქმით, ბაზარს და მარეგულირებელს შორის აცდენის პირველი პრეცედენტი კი მხოლოდ გაუგებრობით არის განპირობებული. ბანკებმა ოპერირების საერთაშორისო სანქციების დაცვით გაგრძელებაზე განცხადებები, სანქციების შესრულების წესში ცვლილებების/დაზუსტების ამოქმედებამდე გააკეთეს. 

საქართველოს ბანკი: ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას.

თიბისი საერთაშორისო სანქციებით მოქმედებს

კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკით გათვალისწინებულ წესებს.

ჩვენ, პროკრედიტ ბანკი საქართველო როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი ,  მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება.

"კრედო ბანკი" განაგრძობს საქმიანობას აშშ -ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული სანქციების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში. ბანკის აქციონერები არიან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საფინანსო ინსტიტუციები.

ტერაბანკი“ საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად განაგრძობს.