თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია “ვაშლის აგრობაღებმა” გორში ინტენსიური ბაღები გააშენა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 20 მლნ. ლარს შეადგენს.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ზერტში,  47  ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღები გაშენდა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სეტყვის საწინააღმდეგო და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით. ასევე, აშენდა სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 1 500 ტონამდე პროდუქტის შენახვისთვის არის განკუთვნილი.

 

„ინტენსიური ტიპის ბაღებში ვაშლის ჯიშები გემოვნური თვისების  და ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა, ესენია:  გოლდენი, რედ დელიშეზი, გალა, გრანი სმიტი, პინოვა და ჯონაპრინცი. საქართველოს ბაზარზე ბიო პროდუქტის დეფიციტია, მოთხოვნა კი მაღალი. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორგანული ვაშლის წარმოებაზე, ამჟამად

8.41  ჰა-ზე  გაშენებულ ბაღებში  მიმდინარეობს ბიოსერთიფიცირების პროცესი.

გაშენებული ბაღების მასშტაბებმა წარმოქმნა სამაცივრე მეურნეობის შექმნის აუცილებლობა.  რაც განხორციელდა  იტალიელი კონსულტანტების ჩართულობითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

სამაცივრე მეურნეობა გვაძლევს  შესაძლებლობას, ვაშლი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შევინახოთ და მისი მაღალი გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი და  საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით შექმნილი პროექტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ერთგვარ „ნოუ ჰაუ“-ს წარმოადგენს. სამომავლოდ, ასევე გორის მუნიციპალიტეტში, ვგეგმავთ დამატებით, 10ჰა. ბაღების გაშენებას და პროდუქციის როგორც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, ასევე ექსპორტზე გატანს“, - განაცხადა დავით ჯაფარიძემ,  „ვაშლის აგრობაღების“ დირექტორმა.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია “ვაშლის აგრობაღებთან” ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო სექტორის განვითარებაში. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ ვაშლის ინტენსიური ბაღები გააშენა და თანამედროვე  მოწყობილობებითა და ენერგოეფექტური დანადგარებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ააშენა. სამომავლოდ კი, კიდევ უფრო მეტად გაფართოებას, მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს.  ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

(R)