თბილისი (GBC) – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების უფასო სწავლების უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„უპრეცედენტო ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა, მისმა პოლიტსაბჭომ და პრემიერმა იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტი უფასოდ ისწავლის. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში გადანაწილებული თანხები პირველ სემესტრთან მიმართებით. იმიტომ, რომ ეს არის დაახლოებით ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით და უფრო ცალსახად ეს გამოჩნდება, როდესაც 2027 წლის ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი განსახილველად.

პირველ სემესტრთან დაკავშირებით, რაც დავთვალეთ, დაახლოებით 20 მლნ ლარის ფარგლებში ვართ, რომელიც უზრუნველყოფს 19 უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლების მხარდაჭერას“, - განაცხადა მიქანაძემ.