თბილისი (GBC) – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციას მასპინძლობს. ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მართავს.

24 მარტს ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. გიორგი შარაბიძემ საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება.

„დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს კოლეგებს ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციიდან, რათა გავუზიაროთ ის გამოცდილება რაც ადმინისტრაციამ დააგროვა ბოლო ორი არჩევნების დროს ტექნოლოგიების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია კოლეგებს გაუზიარებს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ტექნოლოგიების დანერგვას და მასთან დაკავშირებულ ჯაჭვს უკავშირდება. მსგავსი ტიპის ვიზიტები პერმანენტულად ხორციელდება, რათა გაზიარდეს შესაბამისი ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ცესკო აგრძელებს ურთიერთობებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ უკეთესად უზრუნველყოს მათი ინფორმირება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღესვე, დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსს ეკა ცაბაშვილს, ელექტრონული ტექნოლოგიების მენეჯერ გიორგი სტურუასა, საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს ნიკოლოზ იოვაძეს და ლოგისტიკის განყოფილების უფროსს ლევან დევიძეს. ორი დღის განმავლობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს გაუზიარებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის დაგეგმარების, საარჩევნო აპარატურის ჩაწერის, საარჩევნო აპარატურის ლოგისტიკისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებს და მათი მუშაობის სპეციფიკას.

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ვიზიტი, რომ გავიგოთ უფრო მეტი თქვენი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლობა ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს და აქ იმისთვის ვართ, რომ უკეთ გავიგოთ საარჩევნო ლოგისტიკა როგორ არის ორგანიზებული ორივე მიმართულებით, როგორც საარჩევნო ტექნოლოგიების კუთხით ისე საარჩევნო პროცესის წარმართვისას“, - აღნიშნა ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დანიელა ალიმეჰმეტიმ შეხვედრის მიმდინარეობისას.

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციაში ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დანიელა ალიმეჰმეტი, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სექტორის უფროსი - გერიონ ვეზული და საარჩევნო ლოგისტიკის კოორდინაციის სექტორის უფროსი - ენკელეჯდა ჩეჩო შედიან.

სასწავლო ვიზიტი ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.

(R)