თბილისი (GBC) – ყირგიზეთი შესაძლოა ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანა აღმოჩნდეს, რომელსაც ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მეოცე პაკეტის ფარგლებში შეზღუდვებს დაუწესებს. ახალი პაკეტი რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდებასაც კრძალავს და სწორედ ეს პუნქტი აქცევს ბიშკეკს მთავარ და პირველ სამიზნედ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საკითხის საბოლოო განხილვა 24 თებერვალს არის ჩანიშნული. ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა.
ბრიუსელი ყირგიზეთს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გამო ადანაშაულებს. გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღების შემთხვევაში ბიშკეკი მკაცრ აკრძალვებს წააწყდება სამრეწველო აღჭურვილობის, დაზგების და რადიოელექტრონიკის მიღებაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან.
სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, სავაჭრო მონაცემები ანომალიურ დინამიკას აჩვენებს: ესტონეთიდან ყირგიზეთში ექსპორტი 10 000%–ით არის გაზრდილი, ფინეთიდან – 3 100%–ით, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან, შესაბამისად, 2 200 და 2 100%–ით. ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ჩეხეთიდან ყირგიზეთში ექსპორტის ზრდა 1 000%–ს აჭარბებს. შთამბეჭდავად არის გაზრდილი საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტის მაჩვენებელიც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 4 786%–ით არის გაზრდილი. თუ რუსეთ–უკრაინის ომამდე საქართველოდან აღნიშნულ ქვეყანაში მხოლოდ $30,7 მლნ–ის პროდუქცია გადიოდა, გასულ წელს თითქმის $1,5 მილიარდის ექსპორტი განხორციელდა. „ევროპული ექსპორტისთვის ყირგიზეთი საკვანძო დანიშნულების პუნქტად იქცა, საიდანაც საბოლოოდ პროდუქცია რუსეთში გადის“, – წერს Brookings Institution–ის ეკონომისტი რობინ ბრუქსი სოციალურ ქსელში.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ გასულ წელს ყირგიზეთში მუშაობა დაიწყო კრიპტობირჟამ Grinex. ამ პლატფორმაზე ერთადერთი სავაჭრო აქტივია სტეიბლკოინი A7A5, რომელიც რუსეთთან ანგარიშსწორების გამარტივებისთვის გამოიყენება. კომპანია Old Vector, რომელმაც ეს აქტივი შეიმუშავა, ბირჟის გახსნის მომენტში უკვე სანქცირებული იყო აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. „ეს ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც პრომსვიაზბანკისა და მოლდოველი ბიზნესმენის ილან შორის მონაწილეობით შემუშავდა, სასანქციო ზეწოლის პირობებში ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების ეფექტიანი მექანიზმი გახდა. 2026 წლის დასაწყისისთვის მისმა ჯამურმა ბრუნვამ შთამბეჭდავ მაჩვენებელს – $100 მილიარდს მიაღწია“, – აღნიშნავს ბრუქსი.
გასულ წელს ევროკავშირმა 12 ბანკს დააკისრა სანქციები, მათ შორის სამი ყირგიზულია: ტურალბაი, ევრაციის შემნახველი ბანკი და კერემეტ ბანკი. მაშინ ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხილი გამოთქვა ბანკების სანქცირების გამო. სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ყირგიზეთი თავის საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს და ღია დიალოგს აწარმოებს ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის საკითხებზე.