თბილისი (GBC) - სომხეთის მედია წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აბუ-დაბიში, ორივე მხარის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მონაწილეობით გამართული გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, პირისპირ შეხვედრა გამართეს. 

ორი ქვეყნის ლიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ადამიანური დაძმობილებისათვის „ზაიედის 2026 წლის ჯილდოს“ მისაღებად ჩავიდა. ორივე ლიდერი 2026 წლის ლაურეატად ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილისთვის დასახელდა. ახლა ბაქოსა და ერევნისაგან უკვე არსებული შეთანხმებების იმპლემენტაციას ელოდებიან, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. 

გაფართოებულ შეხვედრას სომხეთის მხრიდან ესწრებოდნენ: ვიცე-პრემიერი - მჰერ გრიგორიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი.

აზერბაიჯანულ მხარეს წარმოადგენდნენ: ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი და პრეზიდენტის სპეციალური დავალებათა ელჩი ელჩინ ამირბეკოვი.

ამასთან, ბაქოში აცხადებენ, რომ „ტრამპის მარშრუტის“ გახსნა რეგიონში სატრანზიტო შესაძლებლობებს შეუმცირებს რუსეთს და ირანს და ასევე, ჩინეთის გავლენებს შეზღუდავს. ბაქოში დარწმუნებული არიან, რომ „ტრამპის მარშრუტი“ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის პოზიციებს გააძლიერებს, რომლებიც დასავლეთზე არიან ორიენტირებული, მათ შორის საქართველოსაც. როგორც აზერბაიჯანში აღნიშნავენ, TRIPP–ის სრულფასოვანი ამოქმედების შემთხვევაშიც საქართველოს მიმართულება შეუცვლელი დარჩება ტრანზიტისთვის შავი ზღვისა და ევროკავშირის მიმართულებით, მულტიმოდალური ტვირთების გადასაზიდად, ენერგეტიკული და ციფრული დერეფნებისთვის.