თბილისი (GBC) – ირანში განვითარებულმა მოვლენებმა, ქაოსის კიდევ უფრო გამძაფრებამ რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, შესაძლოა მიგრაციული კრიზისი შექმნას – ისლამურ რესპუბლიკაში 10 მილიონზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი, 200 ათასზე მეტი ეთნიკურად სომეხი და 100 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.
სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მთავრობები ამ შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ. ოფიციალურ ბაქოსთან დაახლოებული პოლიტოლოგი ფარხად მამედოვი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ემოციურად აღიქვამენ ცნობებს ირანიდან. „ირანში სამოქალაქო ომის გაჩაღების შემთხვევაში იქ მცხოვრები აზერბაიჯანელების თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს და ბაქო, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავის თანამემამულეებს, სავარაუდოდ, ყოველმხრივ დახმარებას გაუწევს“, – აღნიშნა მან.
სომხეთში ჩივიან, რომ ირანში სომხურ თემთან კავშირი დარღვეულია. დიასპორის საქმეთა რწმუნებულმა ზარე სინანიანმა აღნიშნა, რომ ანალოგიური ვითარება იყო გასული წლის ივნისში, ისლამურ რესპუბლიკასა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომის დროს. „მაშინ ჩვენ ინფორმაციას საზღვარზე გადმოსული მოქალაქეებისგან ვიღებდით. ალბათ დღესაც ჯობია იმავეს გაკეთება, რადგან არსებული ინფორმაციული ვაკუუმი ძალიან გვაღელვებს“, – თქვა რწმუნებულმა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში ირანი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერი და ზანგეზურის დერეფნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომელმაც აზერბაიჯანი თურქეთთან პირდაპირი სახმელეთო გზით უნდა დააკავშიროს. ირანის დასუსტების შემთხვევაში ერევნის პოზიციებიც შესუსტდება, ხოლო ბაქოს და ანკარას ტანდემი პირიქით, გაძლიერდება. ამან, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენებიც შეასუსტოს.
ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. სამშაბათს, 13 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვაშინგტონში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მიიღებს.