თბილისი (GBC) - ევროკავშირს საქართველოს მოქმედ მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ აქვს და არც მისი მხარდაჭერის სურვილი გააჩნია, თუმცა ბრიუსელის მიზანი ქართველი ხალხის გვერდით დგომაა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, კალასმა „ევროსკოპის“ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპულ წრეებში აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს ისე, რომ მათ ევროპული მომავლის იმედი არ დაკარგონ.

კაია კალასმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ამ კონტექსტში საქართველოსთან არსებულ სირთულეებზე.

„შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც გასულ წელს შევიმუშავეთ, უკვე არსებობს. ახლა მისი განხორციელების ეტაპზე ვართ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამჟამად სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - ჩვენ გვსურს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ასევე გვქონდა მსჯელობა იმაზე, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებია.