თბილისი (GBC) - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნით დღეს, მიიღებს „ჰააგის დეკლარაციას“, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას შეიცავს. ინფორმაცია ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს ეუთო/ოდირის ანგარიშებში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან დარღვევებს. დოკუმენტში ასევე საუბარია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლენილ ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, „კარუსელებისა“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ნიშნებზე.

ასამბლეა გმობს ქვეყანაში შემზღუდავი საკანონმდებლო აქტების მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენება და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაცია არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას და აჩენს დე ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას.

ასამბლეა გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებსა და შევიწროებას და აცხადებს, რომ აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია უფლებადამცველი ჯგუფების მიერ, და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა.

ამასთან, მოთხოვნილია ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე, სასამართლო სისტემისა და ცესკოს დამოუკიდებლობის აღდგენა ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებით და სამოქალაქო სექტორისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

ამავდროულად, ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი იმ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ იქნება შეფასებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4 ივლისს დაიწყო და დღეს სრულდება.