თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაში, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთობლივი დეკლარაცია ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას ადასტურებს და მყარ საფუძველს უქმნის თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული მიმართულებებით. პრემიერმა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას. ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს გულთბილი მიღებისთვის და სახელმწიფო ორდენით - „ოქროს საწმისით“ დაჯილდოებისთვის გადაუხადა მადლობა. შავკატ მირზიოევის თქმით, საქართველო, თავისი შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევების ფონზე, უზბეკეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია.

„დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი. ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით“, - განაცხადა შავკატ მირზიოევმა და დასძინა, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის დინამიური განვითარება ყველა მიმართულებით „მხოლოდ დასაწყისია“.