თბილისი (GBC) – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თეირანში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

თეირანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის ქვეყნების: თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები.