თბილისი (GBC) - პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი facebook პოსტით, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს: "კარგად ამკრძალე, ისე კისრისტეხით შევრბოდი არჩევნებში და...შე დებილო". 

საქართველოს მმართველ პარტიაში ორშაბათს განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ ახალ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, რაც 2024 წლის სადავო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის ფონზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი უკან გამოითხოვს ძველ სარჩელს და მის ნაცვლად წარადგენს გაფართოებულ ჩამონათვალს, რომელსაც პარტია „ფედერალისტები“ დაემატა. აქამდე აკრძალვის სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“ იყვნენ.

პაპუაშვილის განცხადებით, სარჩელის დაკორექტირება გამოიწვია ოპოზიციური ჯგუფების მიერ 2026 წლის 2 მარტს გაფორმებულმა დეკლარაციამ. მისი თქმით, ეს გაერთიანება მიზნად ისახავს „კონსტიტუციური ინსტიტუტების არაღიარებასა და დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას“.

გასულ წელის 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ სანამ "ნაციონალური მოძრაობა" აკრძალულია, "ფედერალისტები" არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და დასავლეთის ნაწილმა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, ოპონენტებს „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების გატარებასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

კრიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა ქვეყანას ერთპარტიული მმართველობისკენ წაიყვანს და საბოლოოდ დააშორებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნის წამყვან ოპოზიციურ ძალებს საარჩევნო სუბიექტის სტატუსი გაუუქმდებათ, რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.