თბილისი (GBC) - თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეხვდნენ. შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში გაიმართა. მანამდე, კონგრესის დელეგაციამ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა, სადაც მათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა.
შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცენტი ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებასა და დასავლური კურსიდან გადახვევაზე გააკეთეს. გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველო „რუსეთის გუბერნიის სტატუსისკენ მიექანება“, რაც ამერიკელი მეგობრების მხრიდან გაზრდილ ინტერესს იწვევს. მან ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც „პუტინზე უარესი“ უწოდა.
ბადრი ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ მთავარი თემა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნებოდა.
ახალი რეგულაციები და „რუსული სიგნალი“ ბრიუსელს
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ ახალი რეგულაციები სპეციალურად დაამთხვია კონგრესის დელეგაციის ვიზიტს.
„ეს არის რუსების მხრიდან სიგნალი კონკრეტულად ამერიკელებისთვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე. ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის მაინც „პოლიტიკური პატიმარია“, რადგან მისი დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა.
სტრატეგიული პარტნიორობა და „MEGOBARI აქტი“
„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ ამერიკელი სტუმრები კარგად არიან ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრაზე ნახსენები იყო „MEGOBARI აქტიც“.
ცუცქირიძის თქმით, ახლა დიდი ალიანსების დროა და საქართველო უძლიერეს პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად უნდა იყოს.
ბადრი ჯაფარიძემ კი ყურადღება სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორზე გაამახვილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ დარჩეს ამერიკული ინიციატივების მიღმა, რაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
რა იცვლება კანონმდებლობაში?
"ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ცვლილებები, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ითვალისწინებს:
- გრანტების კონტროლი: ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რომელიც პოლიტიკაზე გავლენას ისახავს, საჭიროებს მთავრობის ნებართვას
- სასჯელი: დარღვევა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
- შეზღუდვა პარტიებში: პირი, რომლის ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია, 8 წლის განმავლობაში ვერ გახდება პარტიის წევრი
- ჯარიმები ბიზნესისთვის: მეწარმე სუბიექტები პოლიტიკური აქტიურობისთვის 20,000-დან 40,000 ლარამდე დაჯარიმდებიან