თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოთხშაბათს განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) მოსალოდნელი გაერთიანების დეტალებზე საუბრისას განმარტა, რომ ტექნიკური დისციპლინები ცალკე სკოლად გამოიყოფა და მაღალი ხარისხის ავტონომია მიენიჭება, რათა აღმოიფხვრას ქვეყანაში ინჟინერ-კადრების დეფიციტი და გაძლიერდეს დარგის სწავლება.
კობახიძეს თქმით, ტექნიკური მიმართულებები, არა თუ უნდა მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტექნიკური მიმართულებები გაძლიერდეს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების პროცესში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი.
„ყველა ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არის არა თუ მძიმე მდგომარეობაში, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ წამოვიწყეთ რეფორმა, განვსაზღვრეთ 7 პრობლემა და ამის საფუძველზე განვსაზღვრეთ 7 პასუხი. თქვენ თუ გამახსენებთ, რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა ვინმე რაიმე კონკრეტული წინადადებით, რაიმე კონსტრუქციული გზავნილებით?! - ასეთი არაფერი. იყო ერთადერთი ზოგადი, უხეში განცხადებები ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ჩვენ მზად ვართ აქაც დისკუსიისთვის, თუ ვინმეს ექნება რაიმე არგუმენტი იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს, ან არ უნდა გაკეთდეს, მაგალითად, ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს თუ არა, რესურსების ოპტიმიზაცია არის საჭირო თუ არა, არის თუ არა საჭირო, რომ ისედაც მწირი ადამიანური რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. შეგვიძლია ამაზეც ვიმსჯელოთ. გვაქვს თუ არა სახელმძღვანელოები ძირითად საგნებში, ვიმსჯელოთ ამაზე. საუბარი რომ არის ბრენდებზე და ა.შ. აქ მთავარი რა არის? დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ამდენი წელი გავიდა. მანამდეც მუშაობდა განათლების სისტემა და დღემდე მაგალითად, იურიდიული მიმართულება რომ ავიღოთ, ძირითად საგნებშიც კი ნახევარზე მეტში არ გვაქვს ჩვენ მაღალი სტანდარტების სახელმძღვანელოები. ეს ხომ უნდა გამოსწორდეს?! თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, მზად ვარ ოპონენტებთან ვისაუბრო ამ თემებთან დაკავშირებით. იმდენად თვალსაჩინოა პრობლემები, რომელთა წინაშეც განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები დგას, რომ არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მყარია ჩვენი არგუმენტები. მეორე მხარეს არის ცარიელი უხეში განცხადებები ყოველგვარი დეტალიზაციის და კონკრეტიკის გარეშე.
არავითარი ტექნიკურის და ჰუმანიტარულის გაერთიანება სინამდვილეში არ ხდება. თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა რა?! 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა გაჩნდა ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ არ უნდა ამის გამოსწორება, ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. თქვენ რომ ნახოთ გამოშვება მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის მიმართულება და ა.შ. წელიწადში ხდება, მაგალითად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება. არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში. საჯარო და კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ტექნიკური მიმართულებები, არა თუ უნდა, მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტექნიკური მიმართულებები გავაძლიეროთ. დღეს ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება არის დაახლოებით, 10%. ამ დროს, რომ ნახოთ განვითარებული ქვეყნები, მესამედია დაახლოებით, მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში ცალკე გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი და შესაბამისად, შესაბამისადვე, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი კადრი და ბევრად მეტი მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა. ჩვენ გვაქვს გააზრებული და ოპოზიცია გამოდის ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ,“ - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ის ილიაუნის რექტორად ნინო დობორჯგინიძის არჩევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უნივერსიტეტების პოლიტიზება წინა ხელისუფლების ხელწერა იყო“.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიდგომაა, რომ არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული.
„უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. პოლიტიზებული იყო უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი. ისინი შევიდნენ, მათ შორის, კერძო სექტორში. დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტი, მათ შორის, ერთ ლარად მიყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად. უნივერსიტეტების პოლიტიზება არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა. არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული,“ - აღნიშნა კობახიძემ.