თბილისი (GBC) - სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულების თანახმად, საკოორდინაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი
- ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი
- კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე
2025 წლის 24 დეკემბერს კობახიძემ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. იგი ირწმუნებოდა, რომ სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
მაშინ კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისიის შექმნა. თავის მხრივ, სუსმა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებდა.
კორუფციაში ბრალდებულმა ორგზის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2023 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სურსათის ფასების დასარეგულირებლად იმპორტიორებისთვის ფასები და მარჟები, ხოლო რითეილისთვის განსაზღვრული წესები დადგინდებოდა.
საქართველოში საცალო ვაჭრობის დარგის წესები ევროპაში აპრობირებული არ არის, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს ღარიბაშვილის დავალებით საცალო ვაჭრობის წესების დასარეგულირებლად სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი უნდა მოემზადებინა.
"სურათი, რომელიც გამოიკვეთა არის ამგვარი - იმპორტიორების ფასნამატი არის ზოგ შემთხვევაში 100%-ით გაზრდილი, ეს მიუღებელია და საკითხი უნდა დარეგულირდეს", - ამბობდა ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის დავალებით კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა 7 ძირითადი პროდუქტის (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, კარაქი) ბაზარი, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ იმპორტის დონეზე ფასნამატები მართლაც მაღალი იყო, თუმცა კარტელური გარიგება ან კანონდარღვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. სააგენტომ მხოლოდ რეკომენდაციებით მიმართა ბიზნესს.