თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებული სირთულეები ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ იმ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნოს უკრაინელი ხალხისთვის.

„ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. მათ შორის გახსოვთ, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გაძევება უკრაინიდან. მე ვიტყოდი, ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციაზე დაფიქსირებული იქნება საქართველოს პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს დავაფიქსირებთ საქართველოს პოზიციას კიდევ ერთხელ, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გერმანიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ჩინეთმა, რაც ცისქვეშეთის ხელისუფლებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწონა. ჩინეთის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მწარე იმედგაცრუება“ უწოდა.