თბილისი (GBC) – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 2019 წლის 20 - 21 ივნისის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას საია 11 დეკემბერს სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში €646 000-ს გადახდა დააკისრა.

დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი. ეს ის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ჩაატაროს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და დროული გამოძიება იმ შემთხვევებში, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანი იქნა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.

დიდმა პალატამ არ დაადასტურა საქართველოს მთავრობის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე შიდასამართლებრივი საშუალებები ამოწურული იყო.

  • ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მესამე – წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი
  • ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივანთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-10 – გამოხატვის თავისუფლების მუხლი
  • ერთხმად ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება) და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები შეუთავსებელია ამ საჩივრების არსებით ნაწილთან
  • სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ არ არსებობს კონვენციის მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) საფუძველზე საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი მხარის განხილვის საჭიროება
  • ერთხმად დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის 38-ე მუხლით დაცული – სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის ჯამში 646,000 ევროს გადახდა დააკისრა.

განმცხადებლებს შორის იყვნენ როგორც რიგითი დემონსტრანტები, ისე – ჟურნალისტები.

2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე 38 ჟურნალისტი დაშავდა. საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.