თბილისი (GBC) – ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე წერს, რომ იგი აღშფოთებულია, „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ის სანქციების თავიდან არიდებაში რომ ეხმარება. 

„აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, რომლის მიზანიც პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებაა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ეს უნდა შეისწავლოს. ამ საკითხის შემდგომ შესწავლას მოუთმენლად ველი“, - წერს ჯო უილსონი X-ზე.

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი OC-Media-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ „აშშ-ში საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის ქმარი, დავით კუხალაშვილი მოსკოვში იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორია, რომელიც კლიენტებს კონსულტაციას უწევს, რათა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და აქტივების გაყინვას თავი აარიდონ“.