თბილისი (GBC) - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას უკრძალავს.
აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს.
„არცერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არცერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე ფორმით სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედი მთავრობის აღიარება“, – ნათქვამია შესწორებაში.
I am so grateful that my GEORGIAN NIGHTMARE NON-RECOGNITION amendment has been ADOPTED for inclusion the State Department Authorization Act!
— Joe Wilson (@RepJoeWilson) September 18, 2025
Insulting America while embracing Communist China, Iran & Russia is a one-way ticket to isolation. pic.twitter.com/ue7H5cU65b
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ კანონპროექტის ავტორია, რომელიც ითვალისწინებს „სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის“.
ამასთან, როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991) შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
2009 წლის იანვარში ოფიციალურად გაფორმდა „საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“ (U.S.–Georgia Charter on Strategic Partnership). სწორედ აქედან იღებს სათავეს საქართველოს და აშშ-ის ფორმალური სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად სფეროს: 1. დემოკრატია, 2. თავდაცვა და უსაფრთხოება, 3. ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, 4. ხალხთაშორისი ურთიერთობები.