თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უფრო მეტად საბრძოლველად არის განწყობილი, ვიდრე წამგებიან სამშვიდობო შეთანხმებაზე დათანხმებისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა The Atlantic-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, ტრამპისთვის არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ტრამპისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია ომის აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე დასრულებაა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ „კარგად იცის, რა აძლევს მოტივაციას ტრამპს“. თუმცა, სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი „რეალისტია იმის ალბათობასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი რეალურად აიძულებს რუსებს კომპრომისზე წასვლას“.
The Atlantic-ის ჟურნალისტი წერს, რომ იმ ერთი საათის განმავლობაში, რომელიც მან ზელენსკისთან გაატარა, პრეზიდენტმა გამოავლინა თვისება, „რომელიც წლების და ათწლეულების განმავლობაში, მისი ხასიათის მთავარი შტრიხი იყო - გარე ზეწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევის ჯიუტი, ზოგჯერ გამაღიზიანებელი ჩვევა“.
„თუ ზელენსკის ეტყვით, რომ მან რაღაც უნდა გააკეთოს, ის, სავარაუდოდ, პირიქით მოიქცევა“, - თქვა The Atlantic-თან ზელენსკის ერთ-ერთმა ძველმა მრჩეველმა, რომელიც სხვების მსგავსად გამოცემასთან ანონიმურობის დაცვით საუბრობდა.
The Atlantic-ის ჟურნალისტი დასძენს, რომ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის ზოგიერთი წევრი სულ უფრო მეტად ნერვიულობს, რომ შეთანხმების ფანჯარა იხურება და უკრაინა მრავალწლიანი საბრძოლო მოქმედებებით დაიტანჯება, თუ ამ გაზაფხულზე ომის შეწყვეტაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება.
„მაგრამ ზელენსკიმ მითხრა, რომ მას ურჩევნია საერთოდ არ დადოს შეთანხმება, ვიდრე აიძულოს საკუთარი ხალხი, მიიღოს არახელსაყრელი პირობები. ოთხწლიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგაც კი, ის ამბობს, რომ მზად არის განაგრძოს ბრძოლა, თუ ეს აუცილებელია ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
„უკრაინა არ წააგებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გამოქვეყნებული კომიუნიკეს თანახმად, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა განიხილეს ზავის იმპლემენტაციის მეთოდები და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მონიტორინგი.
აბუ-დაბის მოლაპარაკებების შედეგად, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ მაღალ დონეზე სამხედრო დიალოგის განახლებაზე.
სააგენტო Reuters იტყობინება, რომ აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა განიხილეს ამბიციური მიზანი - მარტში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადება. თუმცა, ვინაიდან ტერიტორიებთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ არსებობს, ვადებმა შესაძლოა გადაიწიოს.
24 თებერვალს 4 წელი სრულდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.