თბილისი (GBC) – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილმა, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„დღეს ნაშუადღევს მე დავადასტურებ, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გადაუდებელი საჰაერო თავდაცვისთვის დამატებით ნახევარ მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს“, - განაცხადა ჰილიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მონაწილეობა NATO-ს ერთობლივ პროექტებში და მისი მხარდაჭერა უკრაინისადმი „არის იმის დასტური, რომ დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს სიკეთის ძალას მსოფლიოში და აშენებს ახალ შეთანხმებას ევროპულ უსაფრთხოებაზე NATO-ს ფარგლებში“.

„მე ვამაყობ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებით, ვამაყობ ბრიტანეთის ლიდერობით, ვამაყობ ბრიტანეთის ერთგულებით ჩვენი მოკავშირეების მიმართ. ჩვენ მხარს დაგიჭერთ, ჩვენ დაგიცავთ, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად საფრთხეებისა და უხეში ძალის ამ ახალ ეპოქაში“, - აღნიშნა ჰილიმ.

12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი შეუერთდება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვებს PURL-ის ფარგლებში და პირველ 205 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ხუთშაბათს, 12 თებერვალს, ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს, შეერთებული შტატები ელოდება, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები გააკეთებენ განცხადებას უკრაინისთვის ამერიკული იარაღის ახალი შესყიდვების შესახებ PURL-ის ინიციატივის ფარგლებში.

NATO-ში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა, ალიონა გეტმანჩუკმა ჩამოთვალა ის სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება გაუწიეს კრიტიკულად საჭირო ამერიკული იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაში, რაც PURL-ის მექანიზმით ხორციელდება.