თბილისი (GBC) – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 23 ივნისის ღამეს კიევზე და კიევის ოლქზე მოიერიშე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს დარტყმები. უკრაინის დედაქალაქში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი კორპუსები, ბიზნეს–ცენტრი, მეტროსადგური და სხვა სამოქალაქო ობიექტები ქალაქის 6 რაიონში. ყველაზე დამანგრეველი თავდასხმა შევჩენკოს რაიონში მოხდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მთელი სადარბაზო ჩამოინგრა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს მონაცემებით, 5 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ჭრილობები მიიღო ათმა მოქალაქემ. მაშველები კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ ადამიანებს.
მანამდე, რუსეთმა კიევზე დრონებით და რაკეტებით 17 ივნისს მიიტანა იერიში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა ომის დაწყების შემდეგ: ამ იერიშს 28 უკრაინელი ემსხვერპლა, ხოლო 134 დაშავდა. ამ თავდასხმის კომენტირებისას რუსეთის ლიდერმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ურტყამს საცხოვრებელ კვარტალებს – მხოლოდ „სამხედრო ქარხნებს“. უკრაინის პრეზიდენტმა ამ თავდასხმას „სუფთა ტერორისტული“ უწოდა. „მთელმა მსოფლიომ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა მოახდინონ რეაგირება ისე, როცორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორიზმზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.