თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აგვისტოს, ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ არ გამოირიცხება "ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნა, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად".
„ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მოგვიანებით, შესაძლოა, მოგაწოდოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროპა სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს იღებს, მაგრამ ამაში ამერიკაც ჩაერთვება.
„მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ. ასევე, ჩვენც ჩავერთვებით. ვფიქრობ, თუ მშვიდობას მივაღწევთ, ეს იმუშავებს. არანაირი ეჭვი არ შემაქვს ამაში“, – თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, თუ ვის ხელშია კოზირი, უკრაინის თუ რუსეთის, რაზეც ტრამპმა პასუხის გაცემას თავი აარიდა.
„ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში ტრამპთან შეხვედრის დაწყებისას კი განაცხადა, "ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ რუსეთი და გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა".
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ყოველდღიური თავდასხმის ქვეშ არის.
„დღესაც უამრავი თავდასხმა იყო. ბევრი დაშავდა, დაიღუპნენ ბავშვები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, უნდა შევაჩეროთ რუსეთი და გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მტკიცე ხალხი ვართ და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის იდეას, რომ ეს ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით. მზად ვართ სამმხრივი შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების „გონივრული შანსი“ არსებობს, თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა ჩატარდება.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მივიდნენ.
ევროპელ ლიდერებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი შეუერთდებიან.