თბილისი (GBC) - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი 23 ოქტომბერს დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი X-ზე ავრცელებს. „ახლახან სანქციების მე-19 პაკეტი მივიღეთ. ის მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ სუბიექტებს“, - წერს კაია კალასი.

კალასის მტკიცებით, სანქციების ახალი პაკეტი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს.

„პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება“, - აღნიშნავს კალასი.

ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობის განცხადებით, სანქციები ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

„მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად შეწყდება. მოკლევადიანი კონტრაქტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაუქმდება, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტების შეჩერება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.

მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - Роснефть და Лукоил - დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. ამასთან, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.