თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულება ზაფხულამდე მოხერხდება, თუკი ამის სურვილი რუსეთის ფედერაციის მხრიდანაც იქნება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„რაც შეეხება იმას, ვთვლი თუ არა, რომ ომის დასრულება შესაძლებელია: შეხედეთ, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ამერიკაზეც, რომელმაც უნდა განახორციელოს ზეწოლა - ბოდიშს ვიხდი, რომ ვამბობ „უნდა“, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის - მან უნდა დააჭიროს რუსეთს. თუ იქნება სურვილი არა მხოლოდ უკრაინული მხარისგან, არამედ აგრესორის მხრიდანაც, მაშინ ჩვენ შევძლებთ საბრძოლო მოქმედებების ზაფხულამდე დასრულებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ იარსებებს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შეუძლებელს გახდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიას, ან, თუ ის მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, უკრაინა არ იქნება მარტო და ექნება ძლიერი დაცვა.

სააგენტო Reuters-მა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს მარტში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და მაისში უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

ასევე, სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებებზე კვლავ გადაუჭრელი რჩება ორი საკვანძო საკითხი - დონბასთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან (ზაესი) დაკავშირებით.

ზელენსკიმ 7 თებერვალს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის დასრულება ზაფხულის დასაწყისამდე შესთავაზა, რადგან მოგვიანებით მათ სხვა პრიორიტეტი - აშშ-ის კონგრესის არჩევნები ექნებათ.

24 თებერვალს 4 წელი სრულდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.