თბილისი (GBC) - რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევი, პარასკევს მოსკოვში მომხდარი სროლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters  რუსეთის საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს მაღალი რანგის სამხედრო პირებზე განხორციელებული თავდასხმების სერიის უახლესი შემთხვევაა.

ალექსეევი რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეა. მისი ხელმძღვანელი, იგორ კოსტიუკოვი, სათავეში უდგას რუსეთის დელეგაციას აბუ-დაბიში უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომლებიც პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების უსაფრთხოების ასპექტებს ეხება. მოსკოვის პროკურატურის განცხადებით, საბჭოთა უკრაინაში დაბადებულ ალექსეევს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან უცნობმა პირმა რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Reuters წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე მაღალი რანგის რუსი ოფიცერი იქნა მოკლული, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ აიღო.

2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მოსკოვში ან მის მახლობლად ალექსეევის რანგის (გენერალ-ლეიტენანტი) კიდევ სამი ოფიცერი მოკლეს.

მომხდარმა თავდასხმებმა რუსი გავლენიანი „ომის ბლოგერების“ რისხვა გამოიწვია. მათ გაუჩნდათ კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის უზრუნველყოფილი ასეთი მაღალი რანგის პირთა სათანადო დაცვა. სულ მცირე ორ შემთხვევაში, სამიზნეები საკუთარ სახლებთან მოკლეს. გენერალური შტაბის არმიის წვრთნების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, 22 დეკემბერს საკუთარ ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ალექსეევი პასუხისმგებელი იყო თავდაცვის სამინისტროსა და ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ დაჯგუფებას შორის ურთიერთობებზე. „ვაგნერი“ უკრაინის ომის ადრეულ ეტაპზე ყველაზე სასტიკ ბრძოლებში მონაწილეობდა.

პრიგოჟინი მკაცრად აკრიტიკებდა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას და 2023 წლის ივნისში ამბოხება მოაწყო. სწორედ ალექსეევი იყო ერთ-ერთი იმ მაღალჩინოსანთაგან, რომლებიც მასთან მოსალაპარაკებლად გაგზავნეს. ამბოხება უშედეგოდ დასრულდა, ხოლო თავად პრიგოჟინი ორი თვის შემდეგ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.