თბილისი (GBC) - ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. ღუდუშაურის დაკავება დაადასტურა მისმა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმაც. ადვოკატის თქმით, ილია ღუდუშაურისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.

„ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც ვიცი, ბრალი არ აქვს წარდგენილი. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, არ ვიცნობ. დღეს ვგეგმავ შესვლას და მონახულებას, შესაძლოა, ეს დაემთხვეს ბრალის წარდგენასაც. როგორც ვიცი, წუხელ დააკავეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ილია ღუდუშაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ადგილს 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე იკავებდა. ის მაშინდელი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მოადგილე იყო და ჯანდაცვის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

განახლება 

27 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი  შესთავაზა.

აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს.