თბილისი (GBC) - Reuters–ის ცნობით, ორშაბათს გვიან ღამით გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის თანახმად, უნგრეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“ (Tisza), იანვარში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველ პარტია „ფიდესთან“ (Fidesz) მიმართებით 10%-იანი უპირატესობა შეინარჩუნა.
კვლევამ აჩვენა, რომ „ფიდესი“ სტაბილურ მხარდაჭერას მხოლოდ 59 წელზე უფროსი ასაკის ამომრჩევლებში, ასევე სოფელში და პატარა ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობაში ინარჩუნებს. ნაციონალისტი ორბანი, რომელიც ქვეყანას 2010 წლიდან მართავს, ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად დგას სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე, 12 აპრილისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.
„ტისას“ სათავეში უდგას პეტერ მაგიარი, ხელისუფლების ყოფილი წევრი. Reuters წერს, რომ აღნიშნულ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ევროპისთვის, ისე მისი მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური ძალებისთვის.
"ორბანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირე, ხშირად შედის კონფლიქტში ევროკავშირთან უნგრეთში დემოკრატიული ღირებულებების ეროზიის გამო, რასაც თავად პრემიერ-მინისტრი უარყოფს", - წერს Reuters.
კვლევის ძირითადი მაჩვენებლები
კვლევითი ორგანიზაცია Zavecz Research-ის მიერ 19-24 იანვარს ჩატარებული და საინფორმაციო პორტალ Telex-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გადაწყვეტილების მქონე ამომრჩეველთა შორის:
- „ტისა“: 49% (ნოემბერში – 47%);
- „ფიდესი“: 39% (ნოემბერში – 38%);
- „ჩვენი სამშობლო“: 5%.
დემოგრაფიული გადანაწილება
კვლევის მიხედვით, „ტისას“ დომინანტური პოზიცია აქვს 39 წლამდე ამომრჩევლებში (41% „ფიდესის“ 22%-ის წინააღმდეგ), თუმცა, 59 წელს გადაცილებულთა ჯგუფში კვლავ „ფიდესი“ ლიდერობს 38%-ით (35%-ის წინააღმდეგ). მხოლოდ დაწყებითი განათლების მქონე პირებში „ფიდესის“ რეიტინგი 38%-ია, ხოლო „ტისასი“ – 27%.
უნგრეთში არსებული სამწლიანი ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, უმეტესი გამოკითხვები „ფიდესის“ ჩამორჩენას აჩვენებს, მიუხედავად მთავრობის მიერ გატარებული პოპულისტური ღონისძიებებისა. ამის საპირისპიროდ, პროსამთავრობო კვლევითი ცენტრები კვლავ მმართველი პარტიის უპირატესობაზე მიუთითებენ.
ვიქტორ ორბანმა 2026 წლის არჩევნები წარმოაჩინა, როგორც არჩევანი „ომსა და მშვიდობას“ შორის; იგი აცხადებს, რომ უკრაინა არ იმსახურებს მხარდაჭერას და მის მთავრობას ერთადერთ სტაბილურ ალტერნატივად ასახელებს. თავის მხრივ, პარტია „ტისა“, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 2024 წელს გამოჩნდა, ამომრჩეველს ჰპირდება: კორუფციის აღკვეთას; ევროკავშირის გაყინული ფონდების (მილიარდობით ევრო) ათვისებას ეკონომიკის სტიმულირებისთვის; უნგრეთის პოზიციების განმტკიცებას ევროპულ სტრუქტურებში.