თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით NATO-სთან შეთანხმების ჩარჩოს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებული სამი მაღალჩინოსანი აწვდის. The New York Times წერს, რომ ტრამპის განცხადება ერთ-ერთი იყო ოთხშაბათს გადადგმული იმ ნაბიჯების ჩამონათვალიდან, რომლებმაც, როგორც ჩანს, აშშ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის გამო მოკავშირეებთან შესაძლო სამხედრო და ეკონომიკური კონფლიქტისგან უკან დაახევინა.
ტრამპმა ასევე გააუქმა დამატებითი ტარიფების მუქარა იმ ევროპელი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მის დაჟინებულ მოთხოვნას გრენლანდიის დაუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ ამერიკული საკუთრების დასამტკიცებლად ძალას არ გამოიყენებდა.
ეს "დათმობები" ტრამპმა 21 იანვარს საღამოს Truth Social-ზე გაკეთებული განცხადებით დააგვირგვინა. მან აღნიშნა, რომ NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად „ჩამოაყალიბა მომავალი შეთანხმების ჩარჩო გრენლანდიასთან და ფაქტობრივად მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით“. თუმცა, თავად ჩარჩოს დეტალებზე არ უსაუბრია. ტრამპმა დასძინა: „ეს გადაწყვეტილება, თუ ის აღსრულდება, იქნება ბრწყინვალე როგორც აშშ-ისთვის, ისე NATO-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების უმაღლესი სამხედრო ოფიცრების შეხვედრა, სადაც მათ ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობა განიხილეს.
The New York Times-თან ინტერვიუში, დასავლელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ რუტე მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდა კომპრომისის პოვნას, თუმცა მათ არ იცოდნენ, იყო თუ არა ტრამპის მიერ გამოცხადებული ჩარჩოს ნაწილი იდეა, რომელიც სამხედრო ბაზებისთვის გრენლანდიის მცირე მონაკვეთებზე აშშ-ის გარკვეულ სუვერენიტეტს გულისხმობდა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ეს კონცეფცია კვიპროსში არსებულ ბრიტანულ ბაზებს შეადარა, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიად ითვლება. მეორე ოფიციალურმა პირმა The New York Times-თან დაადასტურა, რომ გრენლანდიის მოდელად სწორედ კვიპროსში ბრიტანეთის სუვერენული ბაზები განიხილებოდა.
ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმების დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე NATO-მ განცხადებით უპასუხა: „მოლაპარაკებები დანიას, გრენლანდიასა და აშშ-ს შორის გაგრძელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ვერასდროს მოიკიდონ ფეხი გრენლანდიაში. არც ეკონომიკურად, არც სამხედრო თვალსაზრისით“.
რუტეს შესაძლო შეთანხმების დეტალები არ გაუსაჯაროებია. მისმა პრესსპიკერმა ელისონ ჰარტმა კი განაცხადა, რომ რუტეს „დავოსში ტრამპთან შეხვედრისას სუვერენიტეტთან დაკავშირებული არანაირი კომპრომისი არ შეუთავაზებია“.
ამ ეტაპისთვის, The New York Times-თან დანიის პრემიერ-მინისტრის აპარატს კომენტარი არ გაუკეთებია.
დანიის პარლამენტის გრენლანდიელმა წევრმა უარყო ტრამპის ნათქვამი NATO-სთან პოტენციური გარიგების შესახებ. „ის, რასაც ამ დღეებში ტრამპის განცხადებებში ვხედავთ, სრული აბსურდია. NATO-ს არავითარი მანდატი არ აქვს, რომ ჩვენს გარეშე აწარმოოს მოლაპარაკება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში და იქვე დასძინა: „არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე. იქმნება სრული გაუგებრობა“.