თბილისი (GBC) - Reuters წერს, რომ თურქეთის და აშშ–ის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა სამშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში სირიასა და ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. პარალელურად, სირიის თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა მთავრობამ აშშ-ის მოკავშირე ქურთულ ძალებთან მრავალდღიანი შეტაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

მიმდინარე კვირას სირიის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა და ქურთების მიერ მართულ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ (SDF) ოთხდღიანი ვადა მისცა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სირიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, SDF-თან პარტნიორობის ხასიათი შეიცვალა.

Reuters წერს, რომ ერდოღანმა და ტრამპმა ასევე განიხილეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) ბრძოლა და სირიის ციხეებში მყოფი დაჯგუფების წევრების ბედი. ანკარა SDF-ს ტერორისტულ ორგანიზაციად და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ფრთად მიიჩნევს. თურქეთი მოუწოდებს ამ დაჯგუფებებს განიარაღებისა და სირიის სახელმწიფო სტრუქტურებში სრული ინტეგრაციისკენ.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და აღნიშნა, რომ სირიის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ერდოღანთან „ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.

გასული წლის ოქტომბერში ღაზაში ტრამპის გეგმით გათვალისწინებული ზავი ამოქმედდა, რომელსაც ისრაელმა და „ჰამასმაც“ მოაწერეს ხელი. 

ზავის დაწყების შემდეგ დაიღუპა 460-ზე მეტი პალესტინელი (მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვი) და 3 ისრაელელი სამხედრო. 

უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ უცხო ტერიტორიის მართვის საბჭოს თავმჯდომარეობა „კოლონიურ სტრუქტურას“ ჰგავს. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, საბჭოს წევრებს შორის არიან: მარკო რუბიო, ტონი ბლერი და ჯარედ კუშნერი. 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ისრაელის ქმედებებს ღაზაში გენოციდად აფასებს, ანკარა მაინც განიხილავს საბჭოში გაწევრიანებას, რასაც ისრაელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.