თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა" 31 185 ლარით დაჯარიმდა. განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე სააგენტოს ოთხმა მომხმარებელმა მიმართა - სადავო ნივთებს სხვადასხვა სახის ტექნიკა და ავეჯი წარმოადგენდა.

საქმის მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ასევე ვერ უზრუნველყო მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში მოყვანა. ამასთან, მოვაჭრემ უგულებელყო მომხმარებლის უფლება  - დისტანციური ვაჭრობისას, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14-დღიან ვადაში ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.

მომხმარებლების განცხადებით, მოვაჭრეს არ განუხორციელებია არანაირი ქმედება მათი დარღვეული უფლების აღსადგენად.

შპს „ადას" წინააღმდეგ საქმის შესწავლა თავდაპირველად პირობითი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, GCCA-მა მის მიმართ, კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქმის შესწავლა ხელახლა დაიწყო. შპს „ადამ" არც განახლებული წარმოების ფარგლებში უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც კომპანია 31 185 ლარით დაჯარიმდა.