თბილისი (GBC) - გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისარი X-ზე ავრცელებს. კოსის ცნობით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

„ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით“, - წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ზე.

აღნიშნულზე აზერბაიჯანული მედია წერს, ილჰამ ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა გასულ წელს მარტა კოსის მიერ აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის გამო, რომლის ფარგლებშიც, ის ყარაბაღშიც იმყოფებოდა.

აზერბაიჯანული მედია ასევე წერს, რომ ალიევმა და კოსმა მოლაპარაკებების დროს იმსჯელეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე და მშვიდობის დღის წესრიგის წინ წაწევაზე. ასევე, განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის, რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციის, ჰუმანიტარული, განაღმვით და სხვა სფეროებში, ასევე საუბარი შეეხო აზერბაიჯანის მიერ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს.

მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს აზერბაიჯანის საქმიანობას ჰუმანიტარულ – განაღმვით სფეროში და ასევე ნახჭევანის მიმართულებით სარკინიგზო ხაზის აღდგენის პროექტებს.

ამასთან, 21 იანვარს, ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა: "სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით".

ალიევის თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება. თუმცა, ერთ დღესაც ტრანზიტის უზრუნველყოფა პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება და ეს დღე არც ისე შორს არის“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლები არიან.

„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები“, - აღნიშნა ალიევმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56-ე ყოველწლიური შეხვედრა 23 იანვრამდე გაგრძელდება. მასში 130-ზე მეტი ქვეყნის 3000-მდე ლიდერი მონაწილეობს. საქართველოს ხელისუფლება დავოსის ფორუმზე არც წელს მიუწვევიათ.