თბილისი (GBC) - Reuters წერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაასრულა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გასვლის პროცესი. ვაშინგტონის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია გაეროს სააგენტოს წარუმატებელი მენეჯმენტით COVID-19-ის პანდემიის დროს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განკარგულება 2025 წელს, ინაუგურაციის პირველსავე დღეს გამოსცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამიერიდან ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მხოლოდ შეზღუდული ფორმატით ითანამშრომლებს, რაც აუცილებელია გასვლის პროცესის ტექნიკური დასრულებისთვის.

ამერიკის ჯანდაცვის მაღალჩინოსნების თქმით, ქვეყანა აღარ გეგმავს ორგანიზაციაში დაბრუნებას და ამიერიდან სხვა სახელმწიფოებთან პირდაპირ, ორმხრივ რეჟიმში იმუშავებს.

Reuters წერს, რომ აშშ-ის კანონმდებლობით, გასვლამდე ქვეყანას სრულად უნდა დაეფარა დაახლოებით $260 მლნ-ის დავალიანება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ პირობას სადავოდ ხდის და აცხადებს, რომ ამერიკელმა ხალხმა უკვე საკმარისზე მეტი გადაიხადა.

პრეზიდენტმა ტრამპმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და შეაჩერა ნებისმიერი ფინანსური რესურსის გადარიცხვა WHO-სთვის, რადგან მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ქმედებებმა აშშ-ს ტრილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა. თვითმხილველების თქმით, ჟენევაში, ორგანიზაციის შტაბ-ბინის წინ, ამერიკის დროშა უკვე ჩამოხსნეს.

ამერიკის გასვლამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უმძიმესი ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა, რადგან ვაშინგტონი მისი ბიუჯეტის 18%-ს აფინანსებდა. კრიზისის გამო ორგანიზაციამ მენეჯმენტის გუნდი გაანახევრა და წლის შუა რიცხვებამდე თანამშრომელთა მეოთხედის დათხოვნას გეგმავს.

გლობალური ჯანდაცვის ექსპერტები, მათ შორის ბილ გეიტსი, შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი დაასუსტებს საერთაშორისო სისტემას, რომელიც ეპიდემიების პრევენციაზეა პასუხისმგებელი, თუმცა ისინი უახლოეს პერიოდში ამერიკის გადაწყვეტილების შეცვლას არ ელოდებიან.