თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში, სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 40%-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 536 ლარი დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 14% და 86% შეადგინა.

2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯებში წლიური 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 201 ლარს გაუტოლდა.

სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 46%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 724 ლარი დაფიქსირდა.

2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა რესტორნებში უნაღდო დანახარჯებზე. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 36 ლარი შეადგინა.

ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტებმა რესტორნებში უნაღდო დანახარჯების 68%, ხოლო არარეზიდენტებმა 32% დახარჯეს.

"თიბისი კაპიტალის" მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 27 ლარს გაუტოლდა.

ამავე თვეში, რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 94%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 140 ლარი დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვეში რეზიდენტების მაჩვენებელს დაახლოებით 5-ჯერ აღემატებოდა.