თბილისი (GBC) - უკრაინის ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია კვლავ რთულია. "არსებობს რისკი, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკები გაუარესდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, რომლის ციტირებასაც უკრაინული მედია ახდენს. 

„ეს დაკავშირებულია ბოლო დარტყმასთან და იმასთან, რომ ენერგოსისტემაში გენერაციის დეფიციტი კვლავ მნიშვნელოვანია. ამასთან, რუსები მომავალ კვირაში ენერგეტიკაზე ახალი შეტევებისთვის ემზადებიან“, – აღნიშნა მან.

შმიგალის თქმით, აღდგენითი სამუშაოები ყველა რეგიონში გრძელდება, კერძოდ, კიევში 230-ზე მეტი ბრიგადა მუშაობს, ასევე ჩართულია „ნავთობგაზის“ 40 სარემონტო ბრიგადა. „სახლებში, სადაც თბომომარაგების აღდგენა უახლოეს პერსპექტივაში შეუძლებელია, ელექტროენერგია დღე-ღამეში სულ მცირე 18 საათის განმავლობაში უნდა იყოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

შმიგალმა დაამატა, რომ მთავრობა აძლიერებს მუშაობას ყველა პარტნიორთან ენერგეტიკული აღჭურვილობის მისაღებად და უკვე 30-ზე მეტი ქვეყანა უწევს დახმარებას უკრაინას, რათა ქვეყანამ ეს ზამთარი გადაიტანოს.

ხუთშაბათს, 5 თებერვალს, უკრაინის ყველა რეგიონში მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს ელექტროენერგიის საათობრივი გათიშვის გრაფიკები.

„მომავლის უკრაინული ინსტიტუტის“ ენერგეტიკულმა ექსპერტმა, სტანისლავ იგნატიევმა განაცხადა, რომ თებერვალში დედაქალაქს ელექტროენერგია დღე-ღამეში მხოლოდ 4-6 საათით მიეწოდება. ასეთი მკაცრი შეზღუდვების მიზეზი მტრის მიერ მაგისტრალური ენერგოსისტემის საკვანძო კვანძებზე, კერძოდ, „ვინიცა 550“ და „კიევი 750“ ქვესადგურებზე მიყენებული დამანგრეველი დარტყმებია.